Uncategorized @ka

ლევან ქარაზანიშვილი „ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის“ მრჩეველია

ლევან ქარაზანიშვილმა  12 ნოემბერს სასტუმრო  “ბრიმ თბილისში” “ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის” პირველი ტომი  გამომცემლობა პალიტრა L-თან ერთად წარადგინა. სახელმძღვანელო გულის პრობლემებსა და მათი პრევენციის გზებზე მოუთხრობს მკითხველს. უცვლელად გთავაზობთ ლევან ქარაზანიშვილის პროლოგს,რომელიც ზემოთ ხსენებულ სახელმძღვანელოს აქვს წამძღვარებული.

ჰარვარდის
მედიცინის სკოლის მიერ შემუშავებული საოჯახო მედიცინის ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო კარდიოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება. მოცემულ გამოცემაში წარმოდგენილი ანგარიში მკითხველს სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების შესახებ, როგორიცაა სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, გულის უკმარისობა, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. აქვე გაეცნობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ ზუსტ მიზეზებსა და მათი განვითარების რისკ-ფაქტორებს, ასევე ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის მეთოდებს. ასევე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას გულის პათოლოგიების აღმოსაფხვრელად საჭირო სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევებისა და პროცედურების შესახებ. გულით დაავადებულთა რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი პროგრამების ფარგლებში გაწერილი სამედიცინო რეკომენდაციების გაცნობის გზით მკითხველი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ხილით, ბოსტნეულითა და უჯრედისით მდიდარი კვების რაციონი გულის დაავადებათა განვითარების რისკს მკვეთრად ამცირებს. სახელმძღვანელო კარდიოლოგიური მედიკამენტების, მათ შორის ურთიერთქმედებისა და გვერდითი მოვლენების შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას . ამასთან, სახელმძღვანელოდან  შეიტყობთ  შუნტირების თანამედროვე  მეთოდის – სრული არტერიული შუნტირების შესახებ, რომელსაც    ჩემი  კარდიოქირურგიული გუნდი წლებია წარმატებით ახორციელებს საქართველოსა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

ლევან ქარაზანიშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *