Uncategorized @ka

რა უნდა ვიცოდეთ შუნტირების ოპერაციაზე?

ლევან ქარაზანიშვილთან კონსულტაცია

ათეროსკლეროზული დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. ზოგჯერ ის სისხლძარღვის თრომბით გადაკეტვას იწვევს, რაც გულის შეტევის ყველაზე ხშირი მიზეზია. შესაბამისად, შუნტირება ხშირად ტარდება. თუ დაბლოკილი სისხლძარღვის გამტარობის აღდგენა სხვა გზით შეუძლებელია, პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა – შუნტირებაა. მაინც რა არის შუნტირება?  ვრცლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალ “ავერსის” მთავრ რედაქტორს – მარი აშუღაშვილს კარდიოქირურგი – ლევან ქარაზანიშვილი ესაუბრა.

როგორ ტარდება შუნტირების ოპერაცია?

– შუნტირების ტრადიციული მეთოდით ჩატარებისას გულს აჩერებენ და პაციენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე გადაჰყავთ, სისხლის შემოვლითი გზის შესაქმნელად კი მისი ფეხიდან აღებულ ვენის ფრაგმენტებს იყენებენ. არსებობს უფრო თანამედროვე მიდგომაც: ოპერაცია მომუშავე გულზე ტარდება, ხოლო შუნტებად იყენებენ არტერიებს. ოპერაციის ჩატარება მკერდის ძვლის გვერდით ავლითაც შეიძლება მინიინვაზიური მეთოდის გამოყენებით. ნეკნთაშუა განაკვეთი კეთდება, რომელთა სიგრძე 5-8 სანტიმეტრს არ აღემატება, მაშინ, როდესაც ტრადიციული მეთოდით ჩატარებული შუნტირების შემთხვევაში განაკვეთის სიგრძე 15-20 სანტიმეტრს აღწევს.
თანამედროვე მეთოდები, რასაკვირველია, ნაკლებად ტრავმულია, თუმცა, კორონარების მდგომარეობის გათვალისწინებით, ზოგჯერ მინიინვაზიური მეთოდით ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება.
ოპერაცია საშუალოდ 3-6 საათს გრძელდება.
– რა განსხვავებაა ვენურ და არტერიულ შუნტებს შორის?

– ვენური შუნტირების დროს ვენას ერთი ან ორივე ფეხიდან იღებენ. აქ წნევა უფრო დაბალია, ვიდრე არტერიაში, შესაბამისად, როცა ვენას არტერიულ პოზიციაში ვაყენებთ, ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ხდება. თანამედროვე მეთოდით – სრული არტერიული შუნტირებით ჩატარებული ოპერაციის დროს ხდება მხოლოდ გულმკერდის შიგნითა არტერიების მობილიზება, ფეხიდან ვენის აღება აღარ არის საჭირო. არტერია უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანია, ამიტომ ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაცია ძალიან ეფექტურია. ოპერაციის შემდგომი პერიოდიც უფრო ხანმოკლეა და პაციენტს ფეხზე დამატებითი ჭრილობები არ აღენიშნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევაში შუნტად გამოყენებულ გულმკერდის არტერიებს პირდაპირ გულზე ვაკერებთ, ვენური შუნტირებისგან განსხვავებით, აორტას არ ვეხებით, რაც თავიდან გვაცილებს მომავალ ნევროლოგიურ გართულებებს.

რა სირთულეები ახლავს თან მომუშავე გულზე ჩატარებულ ოპერაციას?

– ჩვენი გუნდი ოპერაციებს უმთავრესად მომუშავე გულზე ატარებს, რაც პაციენტისთვის ნაკლებად საზიანოა, თუმცა გულის რთული ანატომიური მდებარეობისა და არსებული დაზიანებების გამო ზოგჯერ
მისი გაჩერება გვიწევს.მომუშავე გულზე ოპერაციის ჩატარებას, პრაქტიკულად, არავითარი სირთულე არ ახლავს თან. ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტი ადვილად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– ისევე როგორც ყველა სხვა ოპერაციის დროს, შუნტირების შემთხვევაშიც მოსალოდნელია ჭრილობის ინფიცირება, სისხლდენა, ცხელება, ტკივილი, გულის შეტევა, ინსულტი და სიკვდილიც კი, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ იშვიათია.

ვის სჭირდება შუნტირება?

– მას სჭირდება შუნტირების ოპერაცია, ვისაც გულის კორონარული დაავადების მძიმე ფორმა აქვს და გულის შეტევის მაღალი რისკი ემუქრება. ოპერაცია ასევე ტარდება უშუალოდ შეტევის დროს ან მის შემდეგაც.
გულის კორონარული დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტმა ჯერ უნდა შეიცვალოს ცხოვრების სტილი, ჩაიტაროს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტური მკურნალობა. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ხოლო გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონარების ანგოიოპლასტიკა (სტენტირება) უშედეგო იქნება, რადგან დაბლოკილია მსხვილი კორონარები და ეს უკვე აისახება გულის მუშაობის ხარისხზე, ექიმი პაციენტს შუნტირებას ურჩევს.
ვიდრე ოპერაციას გადაწყვეტდეს, ექიმი აფასებს გულის კორონარული დაავადების სიმპტომების სიმწვავეს, კორონარის დახშობის ადგილს და ხარისხს, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას, ასაკს, საერთო მდგომარეობას, ჩატარებულ მკურნალობას, ცხოვრების წესს, სხვა სამედიცინო პრობლემებს. ეყრდნობა ელექტრკარდიოგრაფიას, ექოკარდიოგრაფიას, გულის დატვირთვის ტესტებს, კორონაროგრაფიას…
თუ პაციენტს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, იმავე დღეს მოათავსებენ ჰოსპიტალში და დაიწყებენ წინასაოპერაციო სამზადისს. გეგმური ოპერაცია რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ ტარდება. მომზადება ითვალისწინებს სხვადასხვა წამლის მიღებას თუ პროცედურის ჩატარებას. პაციენტს ვურჩევთ, ამ პერიოდში არ მოსწიოს…

როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

– რეაბილიტაციის პირველ ეტაპს პაციენტი, წესისამებრ, ჰოსპიტალში გადის და ხშირად მეშვიდე დღეს ეწერება სახლში, სადაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. ცხოვრების ჩვეულ რიტმს ის საბოლოოდ ერთი თვის შემდეგ უბრუნდება.
ოპერაციის შემდეგ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება და ის თავადაც მეტ ყურადღებას აქცევს ცხოვრების წესს. კვების რეჟიმის, ნებადართული ფიზიკური აქტივობის და სხვა ასეთი საკითხების შესახებ რეკომენდაციებს ექიმი გასცემს.

საჭიროა თუ არა შუნტირების შემდეგ სისხლის გამათხელებლების ან სხვა მედიკამენტების მიღება?

– დიახ, ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მთელი სიცოცხლე იღებს პრეპარატებს, რომლებიც უვნებელია ორგანიზმისთვის. ზოგიერთი წამალი ადამიანს ათეროსკლეროზული დაავადების თავიდან აცილებაში ეხმარება. თავად სისხლის გამათხელებლები კი ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.

შუნტირების ოპერაციის შემდეგ:

  • იწევს პაციენტის ცხოვრების ხარისხი, მცირდება სტენოკარდიისა და გულის იშემიური დაავადების სიმპტომები;
  • ადამიანს უფრო აქტიური ცხოვრების საშუალება ეძლევა;
  • თუ ოპერაციამდე გულის კუნთი ინფარქტის გამო იყო დაზიანებული, უმჯობესდება შეკუმშვის ხარისხი;
  • მცირდება გულის შეტევის რისკი დიაბეტიანებთან;
  • იზრდება პაციენტის გადარჩენის შანსი და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ოპერაციის შემდეგ შესაძლოა სტენოკარდიის სიმპტომებმა ისევ იჩინოს თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ შუნტირებაგადატანილი პაციენტები, წესისამებრ, 10-15 წლის განმავლობაში გულის არეში ტკივილს აღარ უჩივიან.
სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *